საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადების, წარდგენის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კანონის მიზანია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა;

ბ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების პირობებისა და წესების განსაზღვრა.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის სამეურნეო ოპერაციების ცვლილებათა შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გაზომვის, დაჯგუფებისა და გადაცემის სისტემა ფულად გამოსახულებაში;

ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიგა ინსტრუქციები;

დ) ფინანსური ანგარიშგება – სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის და მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების სტრუქტურირებული ასახვა;

ე) სუბიექტი − ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე), კერძო სამართლის იურიდიული პირი, საბიუჯეტო ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (შემდგომ – აუდიტი) − აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია:

ვ.ა) ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ანგარიშგების) უტყუარობისა და სისრულის შესახებ აუდიტორის/ აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოხატვისკენ;

ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/ აუდიტორული (აუდიტური) ფირმის რწმუნების გამოხატვისკენ;

ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების შესაბამისი მოსაზრების გამოხატვისკენ;

ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული პირი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას;

თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ − აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას სერტიფიცირებული პირის (პირების) მეშვეობით;

ი) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელიც მოითხოვს ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს, როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ახორციელებს მომსახურებას საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში;

კ) სერტიფიცირებული პირი − ფიზიკური პირი, რომელიც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად და რომელიც თავის კვალიფიკაციას ადასტურებს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად;

ლ) სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი – ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS);

მ) სერტიფიცირებული ბუღალტერი – ფიზიკური პირი, რომელიც სერტიფიცირებულია პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS for SMEs);

ნ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია აუდიტის ჩატარებისათვის და გაცემულ აუდიტორულ დასკვნაზე;

ო) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ადასტურებს, რომ სუბიექტის ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება შეესაბამება/არ შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;

პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, როდესაც აუდიტორი/ აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას განსახილველი საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, რომლის მიზანია, აამაღლოს მესამე პირების ნდობის ხარისხი;

ჟ) პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი − აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ პირად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები, რომლებიც შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES);

რ) განგრძობითი განათლების სტანდარტი − აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირის კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის დადგენილი ნორმები;

ს) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია − ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აკრედიტებული პირი.

თავი II

ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება

მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები

1. ბუღალტრული აღრიცხვა რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები შედგება სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისაგან.

3. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სახელმწიფო სექტორის ცალკეული კატეგორიების დაწესებულებებისთვის დაადგინოს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების ვალდებულება, მათი საქმიანობის გათვალისწინებით.

5. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები შედგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS), მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS for SMEs) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტებისაგან.

7. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული სტანდარტები და ინტერპრეტაციები, რომლებიც მოიცავს:

ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს;

გ) ინტერპრეტაციებს, რომლებიც მიღებულია ფინანსური აღრიცხვის ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ.

8. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის.

9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის რეკომენდებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებსაც ადგენს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

10. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ისინი ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

11. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებსა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS for SMEs), აგრეთვე თავის მიერ დადგენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივ (ეროვნულ) სტანდარტებს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტებს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

12. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) ქართული თარგმანის გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი.

მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

1. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ მუხლის შესაბამისად.

2. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით მეწარმე სუბიექტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს მცირე და საშუალო საწარმოდ ან მიკროსაწარმოდ.

3. მეწარმე სუბიექტი ითვლება:

ა) მიკროსაწარმოდ, თუ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იგი არის მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მიკროსაწარმოდ ითვლება მხოლოდ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოდ, თუ იგი არ აკმაყოფილებს მიკროსაწარმოსათვის დადგენილ კრიტერიუმებს.

4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.

5. მცირე და საშუალო საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

6. მიკროსაწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება არ ევალება.

7. მეწარმე სუბიექტის გარდა , კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი ( ეროვნული ) სტანდარტების შესაბამისად , თუკანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . ამასთანავე , მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგებისსაერთაშორისო სტანდარტები (IF RS ) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs).

8. საბიუჯეტო ორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება აწარმოოს პირადად, დაქირავებული პირის ან ბუღალტრული მომსახურების მიღების მეშვეობით. ბუღალტრულ მომსახურებად ითვლება პირის მიერ სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების გაწევა.

10. ბუღალტერი შეიძლება იყოს როგორც სერტიფიცირებული, ისე არასერტიფიცირებული პირი.

11. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი არ არის საჯარო დოკუმენტი. ეს დოკუმენტი, შესაბამისი სუბიექტის გარდა, ხელმისაწვდომია მაკონტროლებელი/ზედამხედველი ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ნებისმიერი სხვა პირისთვის – შესაბამისი სუბიექტის თანხმობით.

12. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი სუბიექტთან ინახება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავი III

აუდიტი

მუხლი 5. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები

1. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.

3. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი, რომლებიც ამ კანონის მიღების დღისთვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ.

4. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი არის აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განსახორციელებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული.

5. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ისინი ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

6. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტებს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

7. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ქართული თარგმანის გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი.

მუხლი 6. აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭება

1. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორთა რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) რეგისტრაციის შემდეგ.

2. რეესტრს აწარმოებს (აწარმოებენ) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია (ორგანიზაციები).

3. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი ან ფიზიკური პირი რეესტრში რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს იმ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრებულია იგი.

4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებში აღნიშნული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი შესაბამის რეესტრში.

5. რეესტრი არის 2 ტიპის:

ა) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/ აუდიტორული ფირმები, რომლებსაც აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება;

ბ) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/ აუდიტორული ფირმები, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება.

6. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ ცოტა 1 სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;

ე) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

7. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იყოს სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გავლის შემდეგ მიღებული ჰქონდეს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა;

ე) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

8. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) დასაქმებული ჰყავდეს სულ ცოტა 1 სერტიფიცირებული ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

9. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) იყოს სერტიფიცირებული ბუღალტერი;

ბ) იყოს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი;

გ) ჰქონდეს ხარისხის კონტროლის სისტემა;

დ) ჰქონდეს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA).

10. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას ეკრძალება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალისათვის ან ფიზიკური პირისათვის გაწევრებაზე უარის თქმა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შესაბამის მოთხოვნებს, გარდა აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობისა.

11. აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას აქვს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის რეგისტრაციის უფლება, თუ იგი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან თუ აკრედიტაციიდან 1 წლის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებულ კონტროლს შენიშვნების გარეშე გაივლის.

12. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად აღიაროს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი პროფესიული ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ფიზიკური პირი. სხვა შემთხვევაში აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს ცოდნის დადასტურება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი პროფესიული ორგანიზაციის ნამდვილი წევრობის შემთხვევაშიც აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ ფიზიკური პირი სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად უნდა აღიაროს.

14. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი დაადასტურებს, რომ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი იგივეა, რაც სერტიფიცირების სტანდარტი, რომლითაც ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ახორციელებდა პირთა სერტიფიცირებას აკრედიტაციამდე, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თავის მიერ ამ სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად აღიაროს.

15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც აღარ აკმაყოფილებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ექვემდებარება ამ რეესტრიდან ამოღებას.

16. თუ აუდიტორი/აუდიტორული ფირმა აღარ აკმაყოფილებს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პირობებს, ის ვალდებულია ამის შესახებ ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს იმ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრებულია. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია დააკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორი/აუდიტორული ფირმა 5 სამუშაო დღის ვადაში ამოიღოს შესაბამისი რეესტრიდან.

18. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალის ან ფიზიკური პირის მიერ აუდიტის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ჩატარების შემთხვევაში აუდიტი ჩატარებულად არ ჩაითვლება.

19. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით, გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 7. აუდიტის ჩატარება

1. სუბიექტის აუდიტი შეიძლება ჩაატაროს აუდიტორმა ან აუდიტორულმა ფირმამ.

2. აუდიტი შეიძლება ჩატარდეს სავალდებულო ან საინიციატივო წესით.

3. სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება დადგენილია ამ კანონით ან საქართველოს სხვა ნორმატიული აქტით.

4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, რომლებსაც ევალებათ ყოველწლიური აუდიტის ჩატარება;

ბ)  იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტებისა.

5. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის მომდევნო წლის 31 ოქტომბრამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პირი სუბიექტის ხარჯით დაიქირავებს აუდიტორს ამ სუბიექტისათვის აუდიტის ჩატარების მიზნით.

7. სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრში რეგისტრირებულ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას. ამასთანავე, იგი უნდა ჩაატაროს ამ აუდიტორმა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულმა სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა ბუღალტერმა.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებული არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, გამოსაქვეყნებლად წარუდგინონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. საინიციატივო აუდიტი ტარდება უფლებამოსილი პირის (პირების) გადაწყვეტილებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

10. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს შესაბამისად აუდიტორი, აუდიტორული ფირმა ან გარიგების პარტნიორი.

11. აუდიტორული ფირმის შიგა პროცედურით შესაძლებელი უნდა იყოს გარიგების პარტნიორის იდენტიფიცირება. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუდიტორულ ფირმას დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს ის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრებულია იგი.

12. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც სუბიექტს უტარებს სავალდებულო აუდიტს, უნდა შეიცვალოს 7 წელიწადში ერთხელ მაინც.

მუხლი 8. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა

1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებისა და გამოყენებისათვის.

2. ხარისხის კონტროლის სისტემა არის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) შესაბამისად აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩატარება.

3. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, რომლებიც ახორციელებენ აუდიტს და ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, ასევე სხვა სახის მარწმუნებელ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

4. ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ის ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

5. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტს (ISQC) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მო