|
ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა |
სააღრიცხვო ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა იყოფა ფინანსურ და მმართველობით (მენეჯერულ) აღრიცხვად. ფინანსური აღრიცხვა სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების ჩაწერის, შეფასების და ფინანსურ ანგარიშგებაში განზოგადების საშუალებას იძლევა. მისთვის დამახასიათებელია მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მომზადება, ორმაგი ჩაწერის სისტემის გამოყენება, ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების სავალდებულო დაცვა, სამეურნეო მოვლენებისა და ოპერაციების ფულადი საზომი ერთეულით ასახვა, ანგარიშგების მომზადების პერიოდულობის დაცვა, ობიექტურობა და სიზუსტე.M მმართველობითი აღრიცხვა მოიცავს სააღრიცხვო ინფორმაციის ყველა სახეს, რომელიც შეფასდება, დამუშავდება და გადაეცემა შიდა მომხმარებლებს, საწარმოს ხელმძღვანელობას ოპტიმალური სამმართველო გადაწყვეტილებების მისაღებად. მისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის მომზადება მხოლოდ შიდა მომხმარებლებისათვის, საწარმოს ხელმძღვანელობისა და ცალკეული განყოფილებებისათვის, არ შემოიფარგლება ორმაგი ჩაწერის სისტემით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი, მიზანშეწონილი სისტემა, ნორმები და შეზღუდვები არ არსებობს, ერთადერთი კრიტერიუმი ინფორმაციის ვარგისიანობაა; იყენებს ნებისმიერი სახის საზომ ერთეულს; მისთვის აუცილებელი არ არის აბსოლუტური სიზუსტე, მაგრამ ხშირად ზუსტი მონაცემებიც გამოიყენება. თუ ფინანსური აღრიცხვა ორმაგი აღრიცხვის სისტემაზეა აგებული, რომელიც სამეურნეო ოპერაციებს მთავარ წიგნში (რეგისტრში) თავმოყრილ ანგარიშებზე ასახავს და ყველა ანგარიშის სალდოს (ნაშთის) ბაზაზე ბუღალტრულ ბალანსს ღებულობს, მმართველობითი ინფორმაცია არ არის სავალდებულო ეყრდნობოდეს ორმაგი Gჩაწერის სისტემას. იგი გროვდება საწარმოს განყოფილებების ან ქვეგანყოფილებების, აგრეთვე, პროდუქციის ან მომსახურების სახეების მიხედვით. მას მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშებზე არ აგროვებენ და საჭიროებისამებრ გამოყენების შემდეგ გადასცემენ შესანახად. ამასთან, ინფორმაციის მოძიებისა და შენახვის სისტემა უფრო მძლავრი უნდა იყოს, ვიდრე ეს ფინანსური აღრიცხვის დროს მოითხოვება. ფინანსური აღრიცხვა ეყრდნობა აღრიცხვის სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც არეგულირებენ ფინანსური ინფორმაციის შეფასების,Gჩაწერისა და გადაცემის წესს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მომხმარებლების ინტერესების დასაცავად და მიღებული ინფორმაციის ნდობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ისინი ბუღალტერს ზღუდავენ საჭირო მეთოდებისა და ხერხების არჩევანში. მმართველობითი აღრიცხვა სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა მეთოდებისა და ხერხების არჩევანის მეტ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, როცა ლაპარაკია არაპირდაპირი ხარჯების განაწილებაზე, ბუღალტერმა უნდა გადაწყვიტოს და აირჩიოს, რომელი მეთოდი ითვლება უფრო ზუსტად. რადგან ინფორმაცია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ბუღალტერს მის მისაღებად რაიმე მკაცრი ნორმების გამოყენების აუცილებლობა არა აქვს. ფინანსური აღრიცხვა ასრულებს თავის ფუნქციას, წარმოადგენს რა ინფორმაციას განზოგადებული სახით. ამ დროს სამეურნეო ოპერაციების ასასახავად გამოიყენება ერთიანი, ფულადი საზომი ერთეული. მმართველობით აღრიცხვაში ეს საზომი ერთეული შეიძლება გამოყენებულ იქნას დროის მოკლე პერიოდში ხარჯების დონის კონტროლისა და ტენდენციის ანალიზისას, მიმდინარე დაგეგმვის ამოცანის გადაწყვეტისას. მაგრამ ინფორმაციის ნაკადის უმრავლესობა უფრო დეტალიზირებულ მონაცემებს მოითხოვს. ამიტომ, მმართველობითი აღრიცხვა ფართოდ გამოიყენებს ნატურალურ და შრომით საზომ ერთეულებს: ნორმა-საათებს, კაც-საათებს, მატერიალურ ფასეულობათა და შესრულებულ სამუშაოთა ზომის ერთეულებს. მმართველობით აღრიცხვაში, ანგარიშგების შედგენისა და ანალიზისას, ზომის ერთეულების შერჩევას თითოეული კონკრეტული სიტუაციისათვის მათი ვარგისიანობა უდევს საფუძვლად. ფინანსური აღრიცხვისას, აღრიცხვისა და ანალიზის ძირითადი ობიექტი, საწარმოს ფინანსური მდგობარეობაა. იგი განზოგადებულია ბუღალტრულ ბალანსსა და ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ. მმართველობითი აღრიცხვა მოიცავს ცალკეული ქვედანაყოფების (დანახარჯების ცენტრების,) ცვლილებებსა და ანალიზს, ან მათი საქმიანობის რომელიმე მხარეს. ფინანსური ანგარიშგება მომზადდება და წარედგინება ინფორმაციის გარე მომხმარებელს რეგულარულად, დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ: კვარტალი, წელი. მმართველობით აღრიცხვაში ანგარიშგებები შეიძლება შესდგეს ასევე, თანაბარზომიერად, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. მთავარია, რომ იგი მომხმარებლისათვის სასარგებლო იყოს, ამიტომ მომხმარებელს მისივე მოთხოვნით, მისთვის აუცილებელ და საჭირო დროს უნდა წარედგინოს. ფინანსურ ანგარიშგებაში შეტანილი ინფორმაცია მხოლოდ ფაქტიური (ისტორიული) მონაცემებია. იგი დამთავრებულ ოპერაციებს ასახავს, ამიტომ ობიექტურ ხასიათს ატარებს და ექვემდებარება შემოწმებას. მმართველობითი აღრიცხვა, უმთავრესად, მოიცავს შიდა ოპერაციების კონტროლსა და დაგეგმვას. დაგეგმვა და სამმართველო გადაწყვეტილებების მიღება - მომავლის საქმიანობაა. ამასთან, დაგეგმვისას მომავალი, მოსალოდნელი მოვლენების სუბიექტური შეფასებები სჭარბობს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვას შორის. ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია მომხმარებლებისათვის გასაცნობად პერიოდულად ქვეყნდება, მაშინ, როცა მმართველობითი აღრიცხვის მონაცემებს უშუალო კავშირი აქვს საწარმოს (ფირმის) რენტაბელობასთან და განკუთვნილია მხოლოდ ადმინისტრაციისათვის. ამგვარი ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბაზარზე კონკურენციულ ბრძოლას, ამიტომ იგი კომერციულ საიდუმლოებად ითვლება და გამჟღავნებას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსურ აღრიცხვას მომხმარებლებზე ინფორმაციის წარდგენის თვალსაზრისით, რიგი შეზღუდვები გააჩნია. საწარმოს საქმიანობის მრავალი მხარე და მათი შედეგები ასახვას ვერ ჰპოვებენ ფინანსურ ანგარიშგებაში, იგი არ ხსნის პროდუქციის ბუნებას და ხარისხს, მატერიალური რესურსების გამოყენების ეფექტურობას, შრომისნაყოფიერებას, შრომის ანაზღაურების პირობების შეცვლას და ა.შ., რაც ბუნებრივიცაა. აღნიშნული მაჩვენებლები კონკრეტულ ნატურალურ მონაცემებს წარმოადგენენ, ხოლო ფინანსური აღრიცხვა, ცნობილია, რომ სცნობს მხოლოდ ერთ საზომ ერთეულს - ფულადს. აგრეთვე, იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსურ აღრიცხვაში ასახვას ჰპოვებს მხოლოდ ისტორიული მონაცემები, ისინი გარე მომხმარებლებამდე ძირითადად, მოგვიანებით ხვდებიან, ვინაიდან ფინანსური ანგარიშგება ქვეყნდება წელიწადში ერთხელ. ამრიგად, ფინანსური აღრიცხვა რჩება ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების ბაზად, მაგრამ იგი, როგორც მართვის ინსტრუმენტი, საკმაოდ შეზღუდულია დროსა და სივრცეში. მომავალი ყოველგვარი პროგნოზირებისათვის აუცილებელია წარსულის ანალიზი, და ფინანსური აღრიცხვა ასეთი ანალიზის საშუალებას იძლევა. მაგრამ მისგან უფრო მეტ ინფორმაციას არ შეიძლება ველოდოთ, ვიდრე მას ფინანსური ანგარიშგება შეიცავს. აღნიშნული ხაზს უსვამს მმართველობითი აღრიცხვის, როგორც მართვის ძირითადი ინსტრუმენტის მნიშვნელობას, რომელიც ავსებს ფინანსურ აღრიცხვას. მკაცრი რეგლამენტირებისა და კოდიფიცირებისაგან თავისუფალი მმართველობითი ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნას შიდა მომხმარებლებისათვის მოსახერხებელი და აუცილებელი სახით, მათთვის საჭირო დროს, რაც მას კონკრეტულობას და ოპერატულობას ანიჭებს. იგი აყალიბებს ბალანსის რიგი მუხლების შეფასების ბაზას, განმარტავს საერთო ფინანსური შედეგების ფაქტორებსა და პოზიციებს (რომლებიც ასახულია ანგარიშგებაში მოგება-ზარალის შესახებ) შემოსავლებისა და ხარჯების შედარების გზით, პროდუქციის ცალკეული სახეების მიხედვით. მაშასადამე, ამ ორი სახის აღრიცხვას შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, საჭირო, სრული და დროული ინფორმაციის მისაღებად, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა კომპლექსურად უნდა იქნეს გამოყენებული. ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის გამიჯვნა კომერციული საიდუმლოებების დაცვის და იმავდროულად, გარე მომხმარებლებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობით არის განპირობებული, რომელსაც მხოლოდ ფინანსური ანგარიშგება მოიცავს.
ცხრილი 1. ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის ფუნქციები და წესები
|
|