|
ბუღალტრის ფუნქციები |
ბუღალტრული აღრიცხვის მოწყობისა და ორგანიზაციის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს აღრიცხვის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას, აღრიცხვის შემდგომ სრულყოფას, რასაც თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას, წარმოებას, ფინანსური თუ საგადასახადო ანგარიშგებების მომზადებას, ბუღალტრები ახორციელებენ. მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხასითიდან გამომდინარე, ბუღალტრები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: 1. სერთიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტრები; 2. ბუღალტერ-მენეჯერები. სერთიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტრები (სდბ) უზრუნველყოფენ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას სხვადასხვა საწარმოებსა და ორგანიზაციებში, უწევენ მათ კონსულტაციებს და ატარებენ აუდიტორულ შემოწმებებს. იმისათვის, რომ გახდე სერთიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტერი, საჭიროა წარმატებით ჩააბარო ცენტრალიზებული წესით ორგანიზებული საკმაოდ მკაცრი გამოცდა ბუღალტრულ აღრიცხვაში. სერთიფიცირებულ დამოუკიდებელ ბუღალტერს, იმავდროულად, აუდიტორული საქმიანობის უფლებაც აქვს. აუდიტორული შემოწმება კი მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების და მასში ასახული ყველა ინფორმაციის უტყუარობის შემოწმებასა და დადასტურებას. ისინი აუდიტორული შემოწმების შედეგებზე ამზადებენ აუდიტორულ დასკვნას საწარმოს ფინანსური ანგარიშგების ობიექტურობისა და სისწორის შესახებ. ამგვარი აუდიტორული დასკვნა ინვესტორების, კრედიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისათვის ფინანსური ანგარიშგებისა და საერთოდ, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს. ბუღალტრები, რომლებიც მუშაობენ საწარმოს ადმინისტრაციის შემადგენლობაში და ამ საწარმოს თანამშრომლებს წარმოადგენენ, ბუღალტერ-მენეჯერებად იწოდებიან. ისინი აკონტროლებენ მომხდარ სამეურნეო ოპერაციებს, ამზადებენ საწარმოს ბიუჯეტს და აფასებენ კომერციული, სამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციების საქმიანობის შედეგებს. ბუღალტერ-მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად მათ უნდა ჰქონდეთ ბუღალტრულ აღრიცხვასა და მენეჯმენტში სპეციალური განათლების დამადასტურებლი დიპლომი. ზოგიერთი ბუღალტერი შიდა აუდიტორად მუშაობს. ისინი აკონტროლებენ თავიანთი საწარმოს საქმიანობას, მაგრამ დამოუკიდებელი აუდიტორებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი საწარმოს თანამშრომლები არიან და მათთვის აუდიტორის სერტიფიკატი სავალდებულო არ არის. ე. ი. სერთიფიცირებული დამოუკიდებელი ბუღალტრები და დამოუკიდებელი აუდიტორები არ არიან. შესაბამისად, მათ არა აქვთ აუდიტური დასკვნის მომზადების უფლება. |
|