|
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები |
ბუღალტრული აღრიცხვის რეგლამენტაციისათვის ყველა ქვეყანა, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს და იყენებს აღრიცხვის საკუთარ სტანდარტებს (ნორმებს). უკანასკნელ პერიოდამდე, ჩვენთვის ცნობილი იყო და გამოიყენებოდა ბუღალტრული აღრიცხვის მხოლოდ ერთი, საბჭოური სისტემა, რომელიც შესაბამის სტანდარტებს ეყრდნობოდა. იგი საუკეთესოდ ითვლებოდა, რადგანაც "მატერიალური ფასეულობების, შრომისნაყოფიერების ყოველდღიური მკაცრი კონტროლისა" და "უზარმაზარი ეკონომიის მიღწევის" საშუალებას იძლეოდა. ბუღალტრული აღრიცხვის მომქმედი სისტემა სოციალისტური სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ სასურველი "ეკონომია" მაინც არ მოგვცა. ბუღალტრული აღრიცხვის ერთადერთ მიზანს სახელმწიფო ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა და ფინანსური ინფორმაციის ერთადერთი მომხმარებელი სახელმწიფო იყო. ქვეყნის ეკონომიკურმა რეფორმამ, ეკონომიკაში მიმდინარე ძირეულმა გარდაქმნებმა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფა განაპირობა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. საქართველოში მოქმედი საბჭოური ბუღალტრული აღრიცხვა, სააღრიცხვო საქმიანობის ცენტრალიზებულად მართვა, უკვე აღარ აკმაყოფილებდა ქვეყნის განვითარების წინაშე დასმულ ამოცანებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის გარდაქმნის შესახებ. რეფორმის არსი, ბუღალტრული აღრიცხვის არა მხოლოდ ორგანიზაციულ ცვლილებებში, არამედ მისი მეთოდოლოგიის გარდაქმნაში მდგომარეობს. ფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც მათ დაეხმარება სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ ძირითადი და მეტად მნიშვნელოვანი მიზნის შესასრულებლად, იგი უნდა ეყრდნობოდეს აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (ბასს), რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია. 1994 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "მეწარმეთა" შესახებ, რომლის მე-13 მუხლით განისაზღვრა აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ზოგადი პრინციპები. ამით ფაქტიურად, პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენს ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასასვლელად და იგი გახდა საქართველოში მათი დამკვიდრების სერიოზული საფუძველი. ფინანსური ანგარიშგება ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარმოებდეს. სხვადასხვა ქვეყნების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარებასთან ერთად, აუცილებელი გახდა მომხმარებლებზე მისაწოდებელი ფინანსური ინფორმაციისადმი ერთიანი მოთხოვნების შემუშავება. სწორედ ასეთმა მოთხოვნებმა ჰპოვეს ასახვა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდართები (ბასს) წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების მომზადების შედარებით რაციონალური ნორმების "ჰიბრიდს", რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ნორმების დეტალური შესწავლისა და ანალიზის შედეგად იქნა შერჩეული (იხ. დანართი 1.) სხვადასხვა ქვეყნის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და სააღრიცხვო პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით 1973 წლის 29 ივნისს ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, მექსიკის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაციების შეთანხმების შედეგად, შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი (ბასსკ). ბასსკ-ის საქმიანობას ხელმძღვანელობს გამგეობა, რომლის შემადგენლობაშია ცამეტამდე ქვეყნის წარმომადგენლები და ფინანსური ანგარიშგებით დაინტერესებული ოთხი ორგანიზაცია. ბასსკ-ის გამგეობის შემადგენლობაში შედიან ავსტრალიის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, იაპონიის, მალაიზიის, მექსიკის, სკანდინავიის ქვეყნების, ნიდერლანდების, სამხრეთ აფრიკის, დიდი ბრიტანეთის, აშშ და სხვა წარმომადგენლები. ბასსკ აერთიანებს 140-მდე პროფესიული ბუღალტრული ორგანიზაციას 100-ზე მეტი ქვეყნიდან. კომიტეტის მიმართვაში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბასს-ის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს; იგი აუმჯობესებს ფინანსური ანგარიშგების ხარისხს, ამაღლებს შესადარისობის დონეს, რაც არსებით გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის წესდებაში შესწორებები იქნა შეტანილი 1982 წლის ნოემბერში, 1992 წლის ოქტომბერში, 2000 წლის მაისში, 2002 წლის მარტში. 2001 წელს შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ბასსს), როგორც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (ბასსკ) ფონდის ნაწილი. ბასსკ-ის ფონდის მმართველობას ახორციელებს ცხრამეტი ნდობით აღჭურვილი მეთვალყურე. ნდობით აღჭურვილ მეთვალყურეთა პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება ბასსს-ის წევრების, შესაბამისი კომიტეტებისა და მრჩეველთა ჯგუფების დანიშვნა, აგრეთვე ორგანიზაციის დაფინანსების უზრუნველყოფა. ბასსს-ს ევალება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (ფასს) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლების, განსახილველი პროექტებისა და სხვა სადისკუსიო დოკუმენტების დამტკიცება. ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო კომიტეტს წარმოადგენს თორმეტი ხმის უფლების მქონე წევრი და ხმის უფლების არმქონე თავმჯდომარე _ ყველა მათგანი დანიშნულია ნდობით აღჭურვილ მეთვალყურეთა მიერ. ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო კომიტეტის ფუნქციაა ფასს-ის ინტერპრეტაციების მომზადება და ბასსს-სათვის დასამტკიცებლად გადაცემა, ხოლო სტრუქტურულ საფუძვლებთან მიმართებით, დროული მითითებების უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც არ არის ასახული ფასს-ში. სტანდარტების მრჩეველთა საბჭოს ნიშნავს ბასსკ-ის ფონდის ნდობით აღჭურვილი მეთვალყურეები. აღნიშნული საბჭო წარმოადგენს ოფიციალურ დამაკავშირებელ რგოლს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პიროვნებების მონაწილეობა საერთაშორისო ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებში. სტანდარტების მრჩეველთა საბჭოს დანიშნულებაა, კონსულტაციები გაუწიოს ბასსს-ს პრიორიტეტულ საკითხებსა და სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებულ ძირითადი პროექტების მომზადებაში. ბასსს-ს მიზანია საზოგადოების ინტერესებისათვის, მსოფლიო კაპიტალის ბაზრების მონაწილეთათვის და სხვა მომხმარებლებისათვის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარების მიზნით, შექმნას მაღალი ხარისხის, გასაგები და პრაქტიკულად განხორციელებადი ბუღალტრული აღრიცხვის გლობალური სტანდარტების ერთი კომპლექტი, რომელიც მოითხოვს ფინანსურ ანგარიშგებაში მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე და შესადარისი ინფორმაციის ასახვას. ბასსს-ი თავის მიზნებს ძირითადად ახორციელებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს-ის) შემუშავებითა და გამოქვეყნებით, ხელს უწყობს ამ სტანდარტების გამოყენებას, ეხმარება მომხმარებელს ფინანსური ანგარიშგების სრული კომპლექტის ინტერპრეტაციაში, ან აუმჯობესებს მომხმარებლის შესაძლებლობას, მიიღოს ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ფასს-ის შემუშავების დროს, ბასსს-ი თანამშრომლობს ეროვნული სტანდარტების შემმუშავებელ ორგანოებთან, რათა მაქსიმალურ კონვერგენციას მიაღწიოს ფასს-სა და ეროვნულ სტანდარტებს შორის. ახდენს აღნიშნული სტანდარტების გამოყენებისა და დაცვის წახალისებას, ეროვნული სტანდარტების შემმუშავებელ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს ეროვნული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შეჯერების მაღალ დონეს. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი მუდმივად გადასინჯავს როგორც აღრიცხვის პრაქტიკას, ისე თეორიას, რომელიც ამ პრაქტიკას უდევს საფუძვლად. თუ ცალკეული თეორია შეესაბამება ბასს მიერ მიღებულ ხარისხობრივ მახასიათებლებს, შეფასებისა და აღრიცხვის პრინციპებს, მაშინ ასეთი თეორიის შესაბამისი სტანდარტები, მიიღება საერთაშორისო ნორმის სახით. ბასს გამოიყენება როგორც საერთო სახელმწიფოებრივ დონეზე, ისე ცალკეული საწარმოების მიერ. ბასს იღებენ ბუღალტრული აღრიცხვის საერთო სახელმწიფოებრივი ნორმების (სრულად ან ნაწილობრივ) საფუძვლად ან საერთაშორისო ნიმუშის სახით, ბუღალტრული აღრიცხვის ახალი ეროვნული ნორმების დამუშავებისათვის; ისინი გამოიყენება აგრეთვე, სახელმწიფო კონტროლის ორგანოების მიერ, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ეროვნული და უცხოური კომპანიების საქმიანობას. და ბოლოს, ბასს იყენებენ კერძო კომპანიები თვალსაჩინოების სახით ფინანსური ანგარიშგების შესადგენად. |
|