|
ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, მისი ელემენტები |
ბუღალტრული აღრიცხვა, ისევე, როგორც ყველა სხვა მეცნიერება, თავისი საგნის შესასწავლად იყენებს სპეციალურ მეთოდსა და ხერხებს. მეთოდი ეწოდება ამა თუ იმ მეცნიერების საგნის შესწავლისათვის გამოყენებული ხერხების ერთობლიობას, მოვლენის შესწავლის წესს. აქედან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი გულისხმობს იმ ხერხებისა და წესების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის, სამეურნეო პროცესების ურთიერთკავშირში, ფულადი საზომი ერთეულით გამოსახვას. ამ მიზნის მისაღწევად ბუღალტრული აღრიცხვა იყენებს მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს. ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ელემენტებია: 1. დოკუმენტაცია, ანუ პირველადი დაკვირვება და ინვენტარიზაცია; 2. შეფასება და კალკულაცია; 3. ანგარიშთა სისტემა და ორმაგი ჩაწერა; 4. ბალანსი და ანგარიშგება. 1. დოკუმენტაცია და ინვენტარიზაცია. ბუღალტრული აღრიცხვა, აღრიცხვის სხვა სახეებისაგან განსხვავებით, მოითხოვს საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ყველა სამეურნეო ოპერაციის გაფორმებას სათანადო საბუთით, დოკუმენტით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრული აღრიცხვაში ასახვას ვერ ჰპოვებენ. საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში შეიძლება მოხდეს მრავალი სახის, შინაარსით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ოპერაცია. მაგალითად, საწარმო თავისი ფულადი საშუალებებით შეიძენს მასალებს და სხვა სახის მატერიალურ ფასეულობებს. ისინი იხარჯება წარმოებაში პროდუქციის დასამზადებლად, წარმოების პროცესში მონაწილეობისათვის დაქირავედბით მომუშავეებს ერგებათ ხელფასი, წარმოებაში დამზადებული მზა პროდუქცია ეგზავნება კლიენტებს (მყიდველებს), იგი იყიდება და სხვ. მართალია, თითოეული ოპერაცია დოკუმენტით იქნება გაფორმებული, მაგრამ რადგან თვით ეს ოპერაციები ეკონომიკური შინაარსით ერთმანეთისაგან განსხვავდება, ასევე განსხვავებული დოკუმენტებით უნდა გაფორმდეს. ასე, მაგალითად, სალაროდან ფულის გაცემა განსხვავებული საბუთით, დოკუმენტით გაფორმდება, ვიდრე წარმოებიდან მზა პროდუქციის მიღება ან მისი სარეალიზაციოდ გაგზავნა; რომელიმე ორგანიზაციაზე ბანკიდან, ანგარიშსწორების ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის დოკუმენტი, ცხადია, განსხვავებულია მასალების შემოსავალში აღების დოკუმენტისაგან და ა. შ. ბუღალტრული აღრიცხვა შეიმუშავებს ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განსხვავებული ოპერაციების გასაფორმებლად საჭირო სხვადასხვა დოკუმენტების, საბუთების მთელ სისტემას, რასაც დოკუმენტაციას უწოდებენ. დოკუმენტაციის სისტემა წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდს, რომლის საშუალებით ფორმდება ოპერაციების მიმდინარეობა, აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის მოძრაობა. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების პერიოდულად შემოწმების მიზნით გამოიყენება ინვენტარიზაცია. იგი ნიშნავს დროის გარკვეული მომენტისათვის აქტივებისა და მათი წყაროების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენას. ინვენტარიზაციის დროს ხდება აქტივებისა და მათი წყაროების ფაქტობრივი ნაშთების აღწერა და მისი შედარება სააღრიცხვო ჩანაწერებთან, მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 2. შეფასება და კალკულაცია. აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, სამეურნეო პროცესები შეიძლება ბუღალტრული აღრიცხვის საგანს წარმოადგენდეს მხოლოდ მაშინ, თუ მათი გამოსახვა ფულადი საზომი ერთეულით, ე. ი. შეფასება შეიძლება. ცხადია, ეს არ უგულველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვაში სხვა სახის საზომის, რაოდენობრივისა და შრომითის გამოყენებას, პირიქით, სწორედ მათზე დაყრდნობით ხდება ოპერაციებით მომხდარი ცვლილებების განზოგადება და ფულად საზომში გადაყვანა. შეფასება მაჩვენებლების განზოგადებისა და ფინანსური შედეგების გამოვლენის საშუალებას იძლევა და ამდენად ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის მნიშვნელოვანი ელემენტია. საწარმოს სამეურნეო საქმიანობის ფინანსური შედეგების განსაზღვრის მიზნით ბუღალტრულმა აღრიცხვამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განსაზღვროს დამზადებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც საწარმოს დანახარჯების ჯამია, ფულადი ფორმით გამოხატული. ბუღალტრულ აღრიცხვაში პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშების საფუძველია კალკულაცია. სიტყვა "კალკულაცია� ლათინურია და შინაარსობრივად გაანგარიშებას ნიშნავს. რადგან პროდუქციის თვითღირებულება მრავალი სახის ხარჯისაგან შედგება, ამ ხარჯების გამოთვლას თვითღირებულების შემადგენელი ელემენტების მიხედვით, თვითღირებულების კალკულაცია ეწოდება. ამრიგად, შეფასება და კალკულაცია ხელს უწყობს ფინანსური შედეგების განსაზღვრას, დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობისათვის, ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. 3. ანგარიშთა სისტემა და ორმაგი ჩაწერა. სათანადო დოკუმენტებით გაფორმებული ოპერაციების უკეთ ასახვის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვა იყენებს ე. წ. ანგარიშებს, რომლებშიც აღირიცხება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ყოველგვარი ცვლილება. მაგალითად, მასალების ყოველგვარი მოძრაობა, მისი ცვლილებები აისახება მასალების ანგარიშში, ნაღდი ფულის მოძრაობა ჴ სალაროს ანგარიშში და ა.შ. საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებულ ანგარიშთა სხვადასხვა ჯგუფის ერთიანობა ქმნის ანგარიშთა სისტემას. ანგარიშთა სისტემა ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდია, რომლის საშუალებით საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აისახება სამეურნეო რესურსების ცვლილებები, დაჯგუფებულად ერთგვაროვანი ნიშნის მიხედვით. საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებში სამეურნეო ოპერაციის საფუძველზე მომხდარი ცვლილებები ბუღალტრულ ანგარიშებში ურთიერთკავშირში აისახება. ერთი და იგივე სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული ცვლილება ერთი და იმავე თანხით აისახება როგორც აქტივების, ასევე მათი ფორმირების წყაროების ამსახველ ანგარიშებში. მაგალითად, ბანკიდან საწარმოს სალაროში მიღებულ იქნა 5000 ლარი; ამ ოპერაციის საფუძველზე ერთი მხრივ, საწარმოს სალაროში გაიზარდა თანხა 5.000 ლარით, და მეორე მხრივ, იგივე ოდენობით, 5000 ლარით, შემცირდა ფულადი საშუალებები ბანკში ანგარიშსწორების ანგარიშზე. ოპერაციის ამგვარი ასახვა ხდება ორმაგი ჩაწერის, ანუ დიგრაფიული მეთოდის საფუძველზე, რაც ნიშნავს სამეურნეო ოპერაციით გამოწვეული ცვლილების ერთი და იმავე თანხით ასახვას როგორც რესურსების მოთავსების, ისე მათი წყაროების მიხედვით, და წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. 4. ბალანსი და ანგარიშგება. ბუღალტრული აღრიცხვის განზოგადებული მონაცემების მისაღებად აღრიცხვის ობიექტებში მომხდარი ცვლილებების კონტროლის მიზნით, გამოიყენება სააღრიცხვო ჩანაწერების განზოგადების სხვადასხვა წესი. ბუღალტრულ ანგარიშგებაში ასახული აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის თავმოყრისა და დაპირისპირების მიზნით გამოიყენება ბუღალტრული ბალანსი. ბუღალტრული ბალანსი ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებს და კაპიტალს გამოსახავს დროის გარკვეული მომენტისათვის ფულადი საზომი ერთეულით. გარდა ბალანსისა, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების განსაზოგადებლად გამოიყენება ანგარიშგება, რომელიც დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შეაჯამებს საწარმოს საქმიანობას და საქმიანობის კანონიერ შედეგებს. იგი მაჩვენებელთა განზოგადების გზით, დროის გარკვეულ პერიოდში საწარმოს სამეურნეო საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასების საშუალებას იძლევა.
|
|