|
ფინანსური ანგარიშგება |
ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლები
ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრ პიროვნებას უხდება სააღრიცხვო ინფორმაციის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. მომარაგებისა და გასაღების პროცედურების უმრავლესობა ბუღალტრული აღრიცხვით შეიძლება დადგინდეს. ყოველთვის საჭიროა გარიგებების შედეგად ამონაგები და დახარჯული ფულადი თანხების დაფიქსირება, რომელიც ასევე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ხდება. აღრიცხვის სისტემა აუცილებელია, რათა საწარმოს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებმა იცოდნენ, რამდენად წარმატებულად ფუნქციონირებს მათი განყოფილება და საწარმო (ფირმა) საერთოდ და ა.შ.. საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციით დაინტერესებული მხარეები, ანუ ინფორმაციის მომხმარებლები შეიძლება იყვნენ: ინვესტორები (არსებული და პოტენციური), დაქირავებული მუშაკები, კრედიტის გამცემები (არსებული და პოტენციური), მიმწოდებლები და სხვა სავაჭრო კრედიტორები, მომხმარებლები, მთავრობები და მათი უწყებები, უბრალოდ საზოგადოება. ინფორმაციის მომხმარებლები პირობითად შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს: შიდა მომხმარებლები და გარე მომხმარებლები. შიდა მომხმარებლები _ საწარმოს სამმართველო პერსონალია, რომელიც სააღრიცხვო ინფორმაციის ბაზაზე ღებულობს სხვადასხვა საწარმოო და ფინანსური ხასიათის გადაწყვეტილებებს. ამგვარს მიეკუთვნება: მომდევნო წლისათვის ფინანსური გეგმის შედგენა, რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრა, მისი შეცვლა, საწარმოს რესურსების ინვესტირების მიმართულების განსაზღვრა, კრედიტების მოზიდვის მიზანშეწონილობის დადგენა და სხვა. ცხადია, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად დროული, სრული და ზუსტი ინფორმაცია აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმომ შეიძლება განიცადოს ზარალი ან გაკოტრდეს კიდეც. შიდა მომხმარებლები უშუალოდ დაინტერესებულნი არიან საწარმოს საქმიანობით. მათ მიეკუთვნებიან:
� საწარმოს აქტივების მფლობელები (არსებული და პოტენციური) _ აქციონერები, დამფუძნებლები, რომელთათვისაც აუცილებელია განისაზღვროს საწარმოს საკუთარი კაპიტალის წილის ზრდის ან შემცირების მიზანშეწონილობა და საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ რესურსების გამოყენების ეფექტურობა; ინვესტორები, სარისკო კაპიტალის მომწოდებლები და მათი მრჩევლები ზრუნავენ რისკზე, რომელიც თან ახლავს ინვესტიციებს და ინვესტიციებიდან მიღებულ ამონაგებს. მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმისათვის, რომ განსაზღვრონ: გაყიდონ, დაიტოვონ თუ იყიდონ ფასიანი ქაღალდები. აქციონერები, აგრეთვე, დაინტერესებულნი არიან შეაფასონ საწარმოს უნარი გადაიხადოს დივიდენდები. � კრედიტორები (არსებული და პოტენციური), საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაცემული სესხებისა და შესაბამისი სარგებლის დროული დაბრუნებით, ინფორმაციას იყენებენ კრედიტების გამოყოფის მიზანშეწონილობის, დაკრედიტების პირობების, კრედიტების დაბრუნების გარანტიების, საწარმოს, როგორც კლიენტის, ნდობის შეფასების განსაზღვრისათვის; � მომწოდებლები, რომლებიც ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავენ მოცემულ დამკვეთებთან საქმიანი კავშირების საიმედოობას; მომწოდებლები და სხვა სავაჭრო კრედიტორები დაინტერესებულნი არიან ინფორმაციით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განსაზღვრონ დროულად მიიღებენ თუ არა კუთვნილ თანხებს. სავაჭრო კრედიტორებს, როგორც წესი, საწარმო აინტერესებთ შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიდრე კრედიტის გამცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დამოკიდებული არიან საწარმოზე, როგორც მთავარ მომხმარებელზე. � მყიდველები, მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან საწარმოს ფუნქციონირების უწყვეტობით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათ საწარმოსთან აქვთ ხანგრძლივი ურთიერთკავშირი ან დამოკიდებული არიან მასზე. � დაქირავებული მომუშავეები და მათი წარმომადგენელთა ჯგუფები დაინტერესებულნი არიან თავიანთი დამქირავებლის ფინანსური სტაბილურობითა და მომგებიანობით. აგრეთვე, საწარმოს ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა: შრომის ანაზღაურებისა და პენსიის გადახდა, დასაქმების შესაძლებლობა, ხელფასის დონე და მოცემულ საწარმოში მუშაობის პერსპექტივა; � მთავრობები და მათი უწყებები (სახელმწიფო სტრუქტურები), რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციას იყენებენ საწარმოს საქმიანობის სტაბილურობის დადგენის, მისი შემოსავლების განსაზღვრის და რესურსების განაწილების, საწარმოს საქმიანობისა და საგადასახადო პოლიტიკის რეგულირების მიზნით. სახელმწიფო საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები ამოწმებენ გადასახადების გაანგარიშების სისწორეს, აანალიზებენ მთავრობის საგადასახადო პოლიტიკის ეფექტურობას. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ინფორმაციის მომხმარებლები, რომლებიც წარმოების საქმიანობით უშუალოდ არ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ინფორმაცია მათთვის აუცილებელია, რათა დაიცვან მომხმარებელთა პირველი ჯგუფის ინტერესები. მათ მიეკუთვნებიან:
� აუდიტორული ფირმები (აუდიტორები), რომლებიც ამოწმებენ სააღრიცხვო მონაცემების შესაბამისობას არსებულ სტანდარტებთან; � ფასიანი ქაღალდების ბირჟები, რომლებიც აფასებენ ინფორმაციას შესაბამისი საწარმოების რეგისტრაციისას, ღებულობენ გადაწყვეტილებებს საწარმოს ცალკეულ საკითხებზე; აფასებენ აგრეთვე, აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მომზადების გამოყენებულ მეთოდებს; � საფინანსო და სტატისტიკური ორგანოები, რომლებიც განაზოგადებენ საწარმოების საანგარიშგებო მონაცემებს; � პროფკავშირები, დაინტერესებულნი იმ ინფორმაციით, რომლითაც ხდება თანამშრომელთა ხელფასებისადმი თავიანთი მოთხოვნების დასაბუთება და შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრა, აგრეთვე, იმ დარგის განვითარების ტენდენციების შეფასება, რომელსაც მოცემული საწარმო მიეკუთვნება; � პრესა, საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ინფორმაციას იყენებენ ცალკეულ საწარმოთა საქმიანობის ანალიზისა და განმაზოგადებელი ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშებისათვის. � საზოგადოება, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია საწარმოს როლისა და ადგილის შესახებ ეროვნულ ეკონომიკაში, რათა გადაწყვიტოს მოსახლეობის დასაქმების, ეკოლოგიური და სოციალური საკითხები. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია საზოგადოებას ეხმარება საწარმოს განვითარების მიმართულებებისა და კანონზომიერებათა დადგენაში.
ფინანსური ანგარიშგებების ტრადიციულ მომხმარებლებად გარე მომხმარებლები ითვლებიან, ანალიზური ანგარიშგებები გამოიყენება საწარმოს ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მიერ. ამ უკანასკნელის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს მათი მიზნობრივი დანიშნულებისა და ხელმძღვანელის (ადმინისტრატორის) მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს, ანგარიშები გაწეულ დანახარჯებზე, ანგარიშები პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწარმოს ქვედანაყოფების მიმდინარე ოპერატიული ანგარიშები, ხარჯთაღრიცხვები მომავალი ოპერაციების დაგეგმვისათვის და სხვა.
ფინანსური ანგარიშგება, მისი არსი და მიზანი
ფინანსური ანგარიშგება არის საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგების მიზანი მომხმარებელთა ფართო წრისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი ცვლილებების, საწარმოს საქმიანობის შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ინფორმაცია საწარმოს აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების, მოგებისა და ზარალის, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის, აგრეთვე, სააღრიცხვო პოლიტიკისა და სხვა დამატებითი მაჩვენებლების შესახებ. საწარმოს მიერ ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობათა შესაფასებლად, მათი საიმედობისა და დროულობის დასადგენად, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, გარკვეული სახის ინფორმაციაა საჭირო. ამ ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება საწარმოს შესაძლებლობა დაფაროს ვალდებულებები, გაანაწილოს მოგება მფლობელთა შორის. სწორედ ასეთი სახის ინფორმაციია იყრის თავს ფინანსურ ანგარიშგებაში. საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საწარმოს განკარგულებაში არსებული ეკონომიკური რესურსები, მისი სტრუქტურა, ლიკვიდურობა და საწარმოს გადამხდელუნარიანობა. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს საწარმოს მიერ მომავალში ფულისა და ფულადი ეკვივალენტების მიღების უნარი. ინფორმაცია ფინანსური სტრუქტურის შესახებ სესხებზე მიმდინარე მოთხოვნის განსაზღვრის, მფლობელთა შორის მომავალი მოგებისა და ფულადი სახსრების განაწილების წესის დადგენის საშუალებას იძლევა. ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შედეგების ცვლილებების შესახებ აუცილებელია, რათა მოხდეს პროგნოზირება საწარმოს განკარგულებაში არსებული რესურსების საფუძველზე რა რაოდენობის ფულადი საშუალებების გამომუშავების უნარი გააჩნია საწარმოს. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია აუცილებელია საწარმოს საინვესტიციო, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შესაფასებლად. ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ბუღალტრულ ბალანსს, ანგარიშგებას მოგებისა და ზარალის შესახებ, ანგარიშგებას ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკასა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნებს. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბუღალტრულ ბალანსშია ასახული. ინფორმაციას საწარმოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ მოიცავს ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ. საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საკუთარ კაპიტალში მომხდარი ცვლილებები შესაბამისად, ასახულია ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ. ცალკეული ანგარიშგებები დანარჩენებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას მოიცავენ, მაგრამ დამოუკიდებლად ვერც ერთი მათგანი ვერ იძლევა მომხმარებელთა კონკრეტული საინფორმაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას. ისინი ერთი და იმავე სამეურნეო ოპერაციების სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები
სასარგებლო ინფორმაციის მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით, ანგარიშგების შემდგენლებმა უნდა გაითვალისწინონ ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნები. მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების სახით მიეწოდება. ამიტომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარი უნდა იყოს და სამართლიანად ასახავდეს საწარმოს საქმიანობას და მის ფინანსურ შედეგებს. მხოლოდ ასეთ ფინანსურ ანგარიშგებას შეუძლია მომხმარებლებს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს. ეს კი, ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლების სრული დაცვით მიიღწევა. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები ის ატრიბუტებია, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებაში ასა�ხულ ინფორმაციას გადააქცევს მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციად. ბასსით ასეთი მახასიათებლებია: � აღქმადობა; � შესაბამისობა; � საიმედოობა; � შესადარისობა.
აღქმადობა სააღრიცხვო ინფორმაციის ძირითადი თვისებაა, რომელიც ინფორმაციის მომხმარებლებს სასურველი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია გასაგები უნდა იყოს საწარმოს ეკონომიკური საქმიანობით დაინტერესებული ყველა პირისათვის. თავის მხრივ, სააღრიცხვო ინფორმაციის მომხმარებლები გარკვეულ ცოდნას უნდა ფლობდნენ კომერციული და ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, წარმოდგენა ჰქონდეთ ანგარიშგების შედგენის საერთაშორისო წესებზე. თუმცა ინფორმაცია იმ რთული საკითხების შესახებ, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ფინანსური ანგარიშგება და რომელიც აუცილებელია მომხმარებლისათვის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, დაუშვებელია არ აისახოს ანგარიშგებაში იმის გამო, რომ იგი ძნელად აღსაქმელი იქნება ზოგიერთი მომხმარებ�ლისათვის.
შესაბამისად ითვლება ინფორმაცია, თუ იგი აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს და შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. მხოლოდ ამგვარი ინფორმაცია შეიძლება აისახოს ფინანსურ ანგარიშგებაში. შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებლებს საწარმოს წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შეფასების საშუალებას აძლევს. მაშასადამე, შესაბამის ინფორმაციას გააჩნია დამადასტურებელი და საპროგნოზო თვისებები. ინფორმაციის შესაბამისობაზე ამ ინფორმაციის ხასიათი და არსებითობა ახდენს გავლენას.
არსებითია ინფორმაცია, რომლის გამოტოვება ან დამახინჯება გავლენას მოახდენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. იგი გარკვეულ ზღვარს ნიშნავს, რომლის შემდეგ ინფორმაცია მომხმარებლისათვის უსარგებლო გახდება. არსებითობა გულისხმობს, რომ ოპერაციებისა და მოვლენების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვისას, არაარსებითი ფაქტები, რომლებიც საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილებას, მის არსებით დამახინჯებას არ იწვევენ, მხედველობაში არ მიიღება. ცხადია, ასეთი დაყოფა პირობითია. ამიტომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას არსებითობის გათვალისწინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საიმედოობა ინფორმაციის სარგებლიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინფორმაცია საიმედოა, თუ იგი არ შეიცავს არსებით შეცდომებს და არ არის ტენდენციური. ინფორმაცია საიმედოდ ითვლება, თუ იგი შეცდომებსა და ისეთ მიკერძოებულ შეფასებებს არ შეიცავს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომხმარებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არ ახდენს სამეურნეო საქმიანობის ფალსიფიკაციას. ინფორმაცია შეიძლება შესაბამისი, მაგრამ არასაიმედო იყოს. ასეთმა ინფორმაციამ მომხმარებელი შეიძლება მცდარ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანოს. ინფორმაციის საიმედოობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: � სამართლიანი წარდგენა; � შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა; � ნეიტრალობა; � წინდახედულობა; � სისრულე.
სამართლიანი წარდგენა გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგებები უტყუარი უნდა იყოს და სამართლიანად წარმოადგენდეს საწარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის ფინანსურ შედეგებს და ფულადი სახსრების მოძრაობას. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ ანგარიშგებებში ისეთი ინფორმაციაც უნდა იყოს ასახული, რომელსაც ბასს არ მოითხოვს. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის. ინფორმაცია საიმედო რომ იყოს, იგი კანონზომიერად უნდა ასახავდეს საწარმოს საქმიანობაში მომხდარ მოვლენებსა და ოპერაციებს. ამასთან, ეს ინფორმაცია დროული უნდა იყოს. ცნობილია, რომ დაგვიანებულ ინფორმაციას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ინფორმაციის მომხმარებლებისათვის უფრო ფასეულია ის მონაცემები, რომლებსაც ისინი საჭირო მომენტში გამოიყენებენ.
შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა გულისხმობს, რომ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი, თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. შემოწმების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღრიცხვის სწორად შერჩეული და გამოყენებული მეთოდით, რათა საწარმოს საქმიანობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ადექვატურად იქნას ასახული. თუ დამოუკიდებელი მესამე პირი, ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად ანგარიშგებაში ასახულისაგან განსხვავებულ შედეგებს მიიღებს, ითვლება, რომ ანგარიშგება შემოწმებადობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. მაშასადამე, ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ფორმის, არამედ ეკონომიკური რეალობის ამსახველ ინფორმაციას.
ნეიტრალობა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნად ითვლება. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია საიმედო მაშინ იქნება, თუ იგი ნეიტრალურია. იგულისხმება, რომ ანგარიშგებაში შეტანილი ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი მომხმარებელთა ყველა ჯგუფისათვის, ზეწოლას არ უნდა ახდენდეს მათი საქმიანი გადაწყვეტილებების არჩევანზე.
წინდახედულობა გადაწყვეტილებების მიღებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას გულისხმობს. იგი შესაძლო რისკის პირობებში საწარმოს გაძღოლის ტაქტიკას ნიშნავს და ითვალისწინებს ყველა ფაქტორის აღრიცხვას, რომლებმაც შეიძლება საწარმოს ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე იქონიონ გავლენა. საფუძვლად კი, მოგებისა და ზარალის ასიმეტრული აღრიცხვაა მიჩნეული. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ის განუსაზღვრელი გარემოებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობაში მომხდარ ოპერაციებსა და მოვლენებს თან ახლავს. არ შეიძლება აქტივების გადაჭარბებული ოდენობით, ხოლო ხარჯებისა და ვალდებულებების უსაფუძვლოდ შემცირებულად წარმოდგენა. ბასს-ით აქტივების ზრდის აღიარება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც იგი სრულიად განსაზღვრული მოვლენაა, ხოლო შემცირების აღიარება - როდესაც იგი შესაძლებელი მოვლენაა. ამრიგად, მოსალოდნელი ზარალი ან დანაკარგები მათი გამოვლენისთანავე უნდა აისახოს ბუღალტრულ აღრიცხვაში, ხოლო მოსალოდნელი მოგება და შემოსავალი მათი რეალური მიღების შემდეგ.
სისრულე ინფორმაციის საიმედოობის ერთ ერთი პირობაა. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, არსებითობისა და ღირებულების თვალსაზრისით, სრული უნდა იყოს. ინფორმაციის გამოტოვებამ შეიძლება საიმედოობისა და ინფორმაციის შესაბამისობის ხარისხის დაქვეითება გამოიწვიოს.
შესადარისობა ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მახასიათებელია. იგი განსხვავებული საწარმოების ან ერთი და იგივე საწარმოს სხვადასხვა პერიოდის საქმიანობის შედარების საშუალებას იძლევა. მონაცემების შესადარისობა პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში აღრიცხვის ორგანიზაციის სპეციფიკის თვალსაზრისით. არსებობს აღრიცხვის რიგი ალტერნატული მეთოდები, რომლებიც თავსდებიან საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებში და საწარმოებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებებისამებრ მათი გამოყენება. შესადარისობა, უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა აღრიცხვის გამოყენებული მეთოდების სტაბილურობით. საწარმოები მსგავსი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვისა და შეფასების ერთიან წესს უნდა იყენებდნენ. სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებებისას, ანგარიშგების შემდგენლები ვალდებულნი არიან შენიშვნებში მიუთითონ ამგვარი ცვლილებების შესახებ, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ შესაბამისად მოახდინონ კორექტირება ფინანსურ ინფორმაციაში. ამასთან, სტაბილურობის პირობა არ უნდა აბრკოლებდეს აღრიცხვის ახალი, მოცემული საწარმოს სპეციფიკისათვის უფრო მოსახერხებელი მეთოდების შემოღებას. ანგარიშგების შესადარისობა მომხმარებლების მოთხოვნებთან განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ იგი უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, არამედ იმითაც, რომ უნდა ასახავდეს რიგ კატეგორიებს, რომელთა აღრიცხვა და ანგარიშგებაში შესატანად შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული კონცეპტუალური პრინციპებიდან გამომდინარე. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები
ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიზანი მომხმარებლებისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის შედეგებისა და ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, არის საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ფინანსური ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებისათვის წარდგენა საწარმოს ხელმძღვანელობას ევალება. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია: � ბალანსი; � ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ; � სხვა ანგარიშგებები, მაგალითად, ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ; � ანგარიშგება ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ; � სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია დაჯგუფებულია მათი ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ფინანსური ანგარიშგების ელემენტებს უწოდებენ. ფინანსური ანგარიშგების ელემენტებია: � აქტივები; � ვალდებულებები; � საკუთარი კაპიტალი; � შემოსავლები; � ხარჯები; აქედან პირველი სამი ელემენტი, რომელიც საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა, ბუღალტრულ ბალანსში აისახება. მაშასადამე, აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ბუღალტრული ბალანსის ელემენტებია. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება სწორედ ბუღალტრული ბალანსის, მისი ელემენტების საფუძველზე ხდება.
აქტივი არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც საწარმო მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას.
ვალდებულება საწარმოს მიმდინარე პერიოდის მოვალეობაა, რომელიც წარმოიშვა წარსული სამეურნეო მოვლენების შედეგად და რომლის შესრულება გულისხმობს საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას საწარმოდან. საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ. მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების ელემენტებს შემოსავლები და ხარჯები წარმოადგენენ. ისინი ასახავენ სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ოპერაციებსა და მოვლენებს, რომლებმაც დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გავლენა იქონიეს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ცვლილებები განაპირობეს. საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების ერთმანეთთან დაპირისპირება საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, რომელიც მოგების ან ზარალის სახით წარმოგვიდგება. შემოსავალი არის საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც საწარმოს საკუთარი კაპიტალის გადიდებით გამოიხატება, რომელიც დაკავშირებული არაა საკუთარი კაპიტალის მფლობელთა დამატებით შენატანებთან. შემოსავლები საწარმომ შეიძლება მიიღოს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგების სახით, რომლებიც საწარმოს ძირითადი (საოპერაციო) საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს წარმოადგენს, ფინანსური ან საინვესტიციო საქმიანობიდან _ მიღებული დივიდენდებისა და პროცენტების, ძირითადი საშუალებების გაყიდვით მიღებული შემოსავლების სახით და გაუთვალისწინებელი, არაორდინალური საქმიანობიდან (მაგალითად, სტიქიური უბედურების შედეგად) მიღებული შემოსავლების სახით. ხარჯები არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის შემცირება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების საწარმოდან გასვლის ან ვალდებულებების ზრდის საფუძველზე, რაც საწარმოს საკუთარი კაპიტალის შემცირებით გამოიხატება, რომელიც მფლობელებზე კაპიტალის განაწილებასთან არაა დაკავშირებული. მსგავსად შემოსავლებისა, ხარჯებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საწარმოს ძირითად (საოპერაციო) საქმიანობასთან, მაგალითად, რეალიზებული პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) თვითღირებულება, სხვა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები; ფინანსურ ან საინვესტიციო საქმიანობასთან - გადახდილი დივიდენდები, პროცენტები და ა.შ. აგრეთვე, გაუთვალისწინებელ, არაორდინალურ საქმიანობასთან. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, მომხმარებლისათვის უფრო გასაგები და სასარგებლო რომ იყოს, მისი ელემენტები როგორც ბუღალტრულ ბალანსში, ასევე ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ, დაჯგუფებულადაა წარმოდგენილი. ფინანსურ ანგარიშგებაში იმ მუხლების ასახვას, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ელემენტის განმარტებას, აღიარება ეწოდება. აღიარება გულისხმობს მოცემული მუხლის სიტყვიერ და თანხობრივ ასახვას ბუღალტრულ ბალანსში ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში. მუხლი, რომელიც აკმაყოფილებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტის ცნებას, აღიარდება და მასში აისახება, თუ:
ბასს არ ახდენენ ანგარიშგების ფორმატის რეგლამენტირებას და მხოლოდ მისი ელემენტების შინაარსის მოკლე განმარტებებითა და მუხლების ასახვის კრიტერიუმების განსაზღვრებებით შემოიფარგლება. ასეთ კრიტერიუმად ითვლება მატერიალურობა, ე. ი. თითოეული მუხლი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც უტყუარად შეიძლება გაიზომოს (შეფასდეს).
შეფასება არის ფულადი განზომილების განსაზღვრის პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება საწარმოს ბალანსსა და მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში. ბასს ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების შემდეგ მეთოდებს:
| ||
|