|
ახალი წესები ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტისთვი |
მთავრობამ და აუდიტორებმა ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის შესახებ კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებას წინ უძღოდა ხანგრძლივი განხილვები და წინააღმდეგობები. ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ასოციაცია, ასევე საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიები კანონპროექტს «ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ» აპროტესტებდნენ. მეტიც, მათ შეიმუშავეს საკმაოდ ვრცელი შენიშვნები და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილს გაუგზავნეს. კანონპროექტი მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მაგრამ აუდიტორები ამ კანონპროექტის შეჩერებას ითხოვდნენ. ზურაბ მელიქიშვილმა თვითონვე მოისურვა, რომ მეორე მოსმენამდე პროფესიონალ აუდიტორებს შეხვედროდა და მათი პოზიციებიც მოესმინა. პროფესიონალი ბუღალტრები და აუდიტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის იმ სახით მიღება, როგორც ეს პარლამენტში იყო წარდგენილი, ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც კანონში პროფესიონალ შემფასებლებს მოსწონთ, ხარისხის კონტროლია, ოღონდ ამ შემთხვევაშიც მთავარი პრობლემა ის არის, კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია განახორციელებს ამ კონტროლს. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, კანონპროექტი მხოლოდ ბაფ-ზეა მორგებული, რადგან, მის მიხედვით, ყველა ბუღალტერსა და აუდიტორს ლიცენზია სწორედ ამ ორგანიზაციამ უნდა მისცეს. "გამოდის, რომ საუნივერსიტეტო ბაკალავრისა თუ მაგისტრის დიპლომის შემდეგ, ბაფ-ისგან ლიცენზიის მიღება სავალდებულო ხდება და მის მიერ გაცემული სერტიფიკატის გარეშე საუნივერსიტეტო დიპლომი აღარაფერს წარმოადგენს," - განმარტავს საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნიკო ბაკაშვილი. შპს "აუდიტი და ფინანსური კონსალტინგის" დირექტორისა და თანადამფუძნებლის მეგი აჯიაშვილის თქმით, ბუღალტერსა და აუდიტორს აბსოლუტურად განსხვავებული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები და საერთაშორისო სტანდარტები აქვთ და ერთ კანონში მათი გაერთიანება წარმოუდგენელია. საგულისხმოა, რომ თავად ბაფ-ის წარმომადგენლებიც აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე, კოლეგების მსგავსად, შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ფედერაციის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ეკონომიკის სფეროს მნიშვნელოვნად დააზარალებდა, ვინაიდან უპირატეს მდგომარეობაში მხოლოდ ერთი - პროფესიული ორგანიზაცია აღმოჩნდებოდა. პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლავრენტი ჭუმბურიძე აცხადებს, რომ კანონპროექტის შესახებ შეხვედრები პარლამენტში გაიმართა და მთავრობამ კანონპროექტში 18 შესწორება შეიტანა. მისივე თქმით, შესწორებებში გათვალისწინებული იყო ყველა ხარვეზი. კანონპროექტი კომიტეტებში უკვე განიხილეს და დოკუმენტი დასამტკიცებლად მზად არის. რაც შეეხება ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის შესახებ კანონის მიზანს: 1. კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. კანონის მიზანია, განსაზღვროს: ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები; ბ) ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნები; გ) გარე აუდიტის ჩატარების პირობები და წესები. მეწარმეებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები კანონით იქნება დადგენილი. აღნიშნულ საკითხს "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით, მეწარმე სუბიექტი, შეიძლება, ჩაითვალოს მსხვილ საწარმოდ, მცირე და საშუალო საწარმოდ ან მიკრო საწარმოდ. მსხვილ საწარმოდ მეწარმე იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორს: წლიური შემოსავალი აღემატება 35 მლნ ლარს; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი აღემატება 150 პირს და აქტივების ღირებულება აღემატება 30 მლნ ლარს; მიკრო საწარმოდ ჩაითვლება მეწარმე, თუ საგადასახადო კოდექსის მიხედვით მიკრო ან მცირე საწარმო ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელია. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მიკრო საწარმოდ ითვლება მხოლოდ შესაბამისი საქმიანობის ფარგლებში. მცირე და საშუალო საწარმოდ ჩაითვლება საწარმო, თუ იგი არ აკმაყოფილებს არც მსხვილი და არც მიკრო საწარმოს კრიტერიუმებს. მსხვილმა საწარმოებმა ბუღალტრული აღრიცხვა უნდა აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (IFRS). მცირე და საშუალო საწარმოებმა კი ბუღალტრულ აღრიცხვა უნდა აწარმოონ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS For SME). ამასთან, მათ უფლება ექნებათ გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). მიკრო საწარმოებს, პროექტის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება არ ევალებათ. ამავე პროექტის თანახმად, მეწარმე სუბიექტების გარდა, კერძო სამართლის სხვა იურიდიულმა პირებმა ბუღალტრულ აღრიცხვა უნდა აწარმოონ არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი, ეროვნული სტანდარტებით. ამასთან, მათ უფლება ექნებათ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS For SMES). საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ბუღალტრული აღრიცხვა, პროექტის თანახმად, სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით უნდა აწარმოონ. პროექტში ასევე ნათქვამია, რომ სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა შეიძლება, აწარმოოს პირადად, დაქირავებული პირის ან ბუღალტრული მომსახურების მიღების მეშვეობით. ბუღალტრულ მომსახურებად განიხილება პირის მიერ სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების გაწევა. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტი საჯარო დოკუმენტი არ იქნება. ის მხოლოდ მეწარმისთვის და მაკონტროლებელი ორგანოსთვის იქნება საჯარო. დოკუმენტი ნებისმიერი პირისთვის შეიძლება საჯარო გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე თანხმობას თავად სუბიექტი განაცხადებს. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში შეინახება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2012-07-25/30823.html
|
|