ს ა თ ა მ ა შ ო ბ ი ზ ნ ე ს ი

რა სახის ნებართვები გაიცემა სათამაშო ბიზნესის სფეროში?/h6<>
სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოსავლების სამსახური გასცემს შემდეგი სახის ნებართვებს:
  • სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის
  •  სამორინეს მოწყობის
  • აზარტული კლუბის მოწყობის
  • ტოტალიზატორის მოწყობის
  • ლოტოს მოწყობის
  • ბინგოს მოწყობის
  • წამახალისებელი გათამაშების მოწყობის
რომელი სახის ნებართვის ორგანიზებაა დასაშვები სისტემურ-ელექტრონული ფორმით?
  •  სათამაშო აპარატების სალონის
  • სამორინეს
  • ტოტალიზატორის
  • წამახალისებელი გათამაშების
გაიცემა თუ არა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშებისათვის ცალკე ნებართვა?

სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ორგანიზებისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. იმისათვის, რომ მოეწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა, საჭიროა რეალური ობიექტის არსებობა.

რამდენია სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი ტერიტორიების მიხედვით?
 
სათამაშო აპარატების სალონი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით.

ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი;
ბ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 50 000 ლარი.

 
სამორინე



საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში 5 000 000 ლარი.
ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - წელიწადში 100 000 ლარი.
სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკურიანის და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე.
სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

 
აზარტული კლუბი



აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე.

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით.

ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 50 000 ლარი;
ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
გ) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
დ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი;
ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 10 000 ლარი.

ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე
თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

 
ტოტალიზატორი


სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით.

ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ბ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 40 000 ლარი.

ლოტო/ბინგო/წამახალისებელი გათამაშება

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა წელიწადში დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს 15 000 ლარს.

რამდენია სათამაშო ბიზნესის კვარტალური მოსაკრებელი?


სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს კვარტალში:
თითოეულ სათამაშო აპარატზე 1500 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით.
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე 15000 ლარიდან 30000 ლარის ჩათვლით.
თითოეულ აზარტული კლუბის მაგიდაზე - 3 000 ლარიდან - 10 000 ლარამდე
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე –30 000-დან 60 000 ლარის ჩათვლით.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით.
წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის - 10%

მოსაკრებლის განაკვეთს დადგენილი ზღვარის ფარგლებში ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა

ნებართვის მისაღებად რა პროცედურის გავლაა საჭირო?

ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური. ნებართვის მაძიებელმა, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები სკანირებული ფორმით უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის RS.ge-ს მეშვეობით. ნებართვის გაცემის ხანგრძლივობას ირჩევს თავად ნებართვის მაძიებელი დადგენილი საფასურების შესაბამისად (1 სამუშაო დღე -2000 ლარი, 5 სამუშაო დღე - 800 ლარი, 10 სამუშაო დღე -400 ლარი და 20 სამუშაო დღე -უფასო).

ნებართვის მისაღებად რა დოკუმენტების წარდგენაა სავალდებულო?


გამომდინარე იქიდან, რომ ნებართვის სახეობა სხვადასხვაა, ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებიც განსცვავდება ერთმანეთისაგან.
სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს:

(„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, მე-19 1,მე-20 მუხლები)

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა მოსაკრებლისგან განთავისუფლებული ტერიტორიისა);
  • სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის შემთხვევაში: მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი; სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა), სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნის, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით; სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და თამაშის წესები; პრეტენზიის განხილვის ვადა;
  • სამორინეს მოწყობის შემთხვევაში: მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: სამორინეში არსებული სათამაშო მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; პრეტენზიის განხილვის ვადა;
  • სამორინეს სათამაშო ჟეტონის ნიმუშები.
  • აზარტული კლუბის მოწყობის შემთხვევაში: მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები; აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში (როგორც სამორინეს ისე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის შემთხვევაში) – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება; თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები; მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი

 

 ტოტალიზატორის/ლოტოს/ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს:

(„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი)

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;
  • მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
    ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა;
    გ) პრეტენზიის განხილვის ვადა;
    დ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
    ე) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს);
    ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;
    ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;
  • მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;
  • ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურისთვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში − სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება; თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები; მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები));
  • ტოტალიზატორის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. )

მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუშზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული შემდეგი რეკვიზიტები: ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა); ბილეთის ნომერი; გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი; მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი; წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და დრო; თამაშობის ზოგადი წესი; მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მიღებამდე, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს (შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის RS.ge-ს მეშვეობით) წარუდგინოს თამაშობის ზოგადი წესი (ზოგადი წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს) და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - 10 000 ლარი.

 

 

სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები:
1.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
2.„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველო კანონი
3.„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი
4.„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი
5.„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბერის N611-1013 ერთობლივი ბრძანება
6.„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის N94 ბრძანება